ოთხშაბათი, 17 სექტემბერი
ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები (რომ. 4:7).
ვინც რწმენას ავლენს, ღმერთი პატიობს ცოდვებს და აღარასდროს უხსენებს (ფსალმ. 32:1, 2). ის უდანაშაულოდ და მართლად მიიჩნევს მას. მართალია, წარსულში აბრაამი, დავითი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები მართლად ჩაითვალნენ, მაგრამ ისინი კვლავ ცოდვილები იყვნენ. თუმცა იმ ადამიანების ფონზე, რომელთაც არ სწამდათ მისი, ღმერთმა ისინი რწმენის გამო უდანაშაულოდ მიიჩნია (ეფეს. 2:12). რომაელებისთვის მიწერილი პავლე მოციქულის წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად სწორედ რწმენაა საჭირო. რწმენის გამო მიიჩნია ღმერთმა აბრაამი და დავითი თავის მეგობრებად და ჩვენც რწმენის გამო გვიწვდის მეგობრობის ხელს. w23.12 3 ¶6, 7
ხუთშაბათი, 18 სექტემბერი
მუდამ შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი, ანუ სახალხოდ ვაუწყოთ მისი სახელი (ებრ. 13:15).
დღეს ყველა ქრისტიანს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად გავიღოთ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები. ამ ყველაფერს იეჰოვა მისთვის გაღებულ მსხვერპლად მიიჩნევს. თუ ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ მსახურებაში, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობას. პავლე მოციქული ხაზს უსვამს, რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან იეჰოვას თაყვანისცემის დროს (ებრ. 10:22–25). ეს არის ლოცვა, ჩვენი იმედის შესახებ სახალხოდ საუბარი, ერთად შეკრება და ერთმანეთის გამხნევება, „მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“. იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან, რომლებსაც „გამოცხადების“ ბოლო თავებში ვკითხულობთ, კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის თაყვანისცემა. მან ორჯერ თქვა: „ღმერთს ეცი თაყვანი!“ (გამოცხ. 19:10; 22:9). მოდი არასდროს დავივიწყოთ, რაც იეჰოვას შესახებ გავიგეთ და დავაფასოთ მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა! w23.10 29 ¶17, 18
პარასკევი, 19 სექტემბერი
გვიყვარდეს ერთმანეთი (1 იოან. 4:7).
ფაქტია, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ „გვიყვარდეს ერთმანეთი“. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ. მან თქვა: „უმეტესობას სიყვარული გაუნელდება“ (მათ. 24:12). როცა ეს სიტყვები წარმოთქვა, იესოს უმთავრესად თავისი მოწაფეები არ ჰყოლია მხედველობაში. და მაინც, ძალიან დიდია იმის საფრთხე, რომ ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში ჩვენც გაგვინელდეს თბილი გრძნობები. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ, რამდენად ძლიერ გვიყვარს და-ძმები. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ის, თუ რამდენად გვიყვარს და-ძმები, შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ დაგვანახვოს (2 კორ. 8:8). პეტრე მოციქულმა თქვა: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8). შესაბამისად, ის, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვების სისუსტეებსა და ნაკლოვანებებზე, იმის ერთგვარი ინდიკატორია, რამდენად გვიყვარს ისინი. w23.11 10, 11 ¶12, 13