სამშაბათი, 16 სექტემბერი
ჩვენ ვირწმუნეთ და ვიცით, რომ შენ ხარ ღვთის წმინდა! (იოან. 6:69).
პეტრე ერთგული ადამიანი იყო. ამიტომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, აგრძელებდა იესოს ნაკვალევით სიარულს. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა მოწაფეებმა იესოს ნათქვამი ვერ გაიგეს (იოან. 6:68). ამის გამო ბევრმა მათგანმა მაშინვე ზურგი აქცია იესოს. მაგრამ პეტრე ასე არ მოქცეულა. ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ იესოს ჰქონდა „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. იესომაც უერთგულა პეტრეს. მან კარგად იცოდა, რომ სხვა მოციქულების მსგავსად ისიც მიატოვებდა. თუმცა იესო დარწმუნებული იყო, რომ პეტრე კვლავაც წამოდგებოდა ფეხზე, რაც მისი სიტყვებიდანაც გამოჩნდა (ლუკ. 22:31, 32). რაკი კარგად ესმოდა, რომ „სული მონდომებულია, ხორცი კი – სუსტი“, იესოს არც მას მერე ჩაუქნევია პეტრეზე ხელი, რაც მან სამჯერ უარყო (მარ. 14:38). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირადად გამოეცხადა პეტრეს და აგრძნობინა, რომ კვლავაც ენდობოდა (მარ. 16:7; ლუკ. 24:34; 1 კორ. 15:5). წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა ეს გულდამძიმებულ მოციქულს! w23.09 22 ¶9, 10
ოთხშაბათი, 17 სექტემბერი
ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები (რომ. 4:7).
ვინც რწმენას ავლენს, ღმერთი პატიობს ცოდვებს და აღარასდროს უხსენებს (ფსალმ. 32:1, 2). ის უდანაშაულოდ და მართლად მიიჩნევს მას. მართალია, წარსულში აბრაამი, დავითი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები მართლად ჩაითვალნენ, მაგრამ ისინი კვლავ ცოდვილები იყვნენ. თუმცა იმ ადამიანების ფონზე, რომელთაც არ სწამდათ მისი, ღმერთმა ისინი რწმენის გამო უდანაშაულოდ მიიჩნია (ეფეს. 2:12). რომაელებისთვის მიწერილი პავლე მოციქულის წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად სწორედ რწმენაა საჭირო. რწმენის გამო მიიჩნია ღმერთმა აბრაამი და დავითი თავის მეგობრებად და ჩვენც რწმენის გამო გვიწვდის მეგობრობის ხელს. w23.12 3 ¶6, 7
ხუთშაბათი, 18 სექტემბერი
მუდამ შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი, ანუ სახალხოდ ვაუწყოთ მისი სახელი (ებრ. 13:15).
დღეს ყველა ქრისტიანს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად გავიღოთ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები. ამ ყველაფერს იეჰოვა მისთვის გაღებულ მსხვერპლად მიიჩნევს. თუ ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ მსახურებაში, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობას. პავლე მოციქული ხაზს უსვამს, რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან იეჰოვას თაყვანისცემის დროს (ებრ. 10:22–25). ეს არის ლოცვა, ჩვენი იმედის შესახებ სახალხოდ საუბარი, ერთად შეკრება და ერთმანეთის გამხნევება, „მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“. იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან, რომლებსაც „გამოცხადების“ ბოლო თავებში ვკითხულობთ, კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის თაყვანისცემა. მან ორჯერ თქვა: „ღმერთს ეცი თაყვანი!“ (გამოცხ. 19:10; 22:9). მოდი არასდროს დავივიწყოთ, რაც იეჰოვას შესახებ გავიგეთ და დავაფასოთ მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა! w23.10 29 ¶17, 18